17 May, 2022

რჩევები გასტროენტეროლოგ დავით მახათაძისგან

 რჩევები გასტროენტეროლოგ დავით მახათაძისგან

დღესდღეობით, ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი და შებერილობა ხშირ ჩივილს წარმოადგენს. რა არის ამის ყველაზე ხშირი მიზეზი, რა ფაქტორები განაპირობებენ აღნიშნული კლინიკური სიმპტომის ჩამოყალიბებას და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? ამ თემებზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით მახათაძე გვესაუბრა.

-რაზე მიგვანიშნებს ბავშვებში განვითარებული მუცლის ტკივილი და შებერილობა და რა არის ამის მიზეზი?

-მუცლის ტკივილი და ინტენსივობა სხვადასხვა ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ის  განსხვავებულ მდგომარეობებზე მიგვითითებს. თუ ტკივილი გრძელდება გარკვეული ხნის მანძილზე და არ ახდენს გავლენას პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, შესაძლოა მიზეზი არაჯანსაღი კვება იყოს, მაგალითად, დიდი რაოდენობით ტკბილეულის, გაზიანი სასმელების, სწრაფი კვების კერძებისა და ცომეულის მიღება. კვების რაციონისა და რეჟიმის დარღვევა მუცლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.  ხშირ მიზეზთა შორისაა, ჭიებით ინვაზია, იგივე ჰელმინთოზი. თუ პაციენტის ისტორიაში კვებითი დარღვევები არ ფიგურირებს, მაშინ ტკივილისა და შებერილობის ერთ-ერთი გამომწვევი შესაძლოა ყაბზობა იყოს (როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ირღვევა დეფეკაციის პროცესი).აგრეთვე, მუცლის ტკივილი შეიძლება ნაღვლის ბუშტის სხვადასხვა პათოლოგიებმა (ამ დროს ტკივილი ძირითადად ატარებს ქრონიკულ ხასიათს), გადატანილმა ინფექციებმა და ჩატარებულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ ( რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისბაქტერიოზი, იგივე დისბიოზი) განაპირობოს. ფერმენტოპათები ხშირად არის მუცლის ტკივილისა და შებერილობის მიზეზი. მაგალითად, გლუტენის (რთული ცილა, რომელიც შედის მარცვლეულის შემადგენლობაში) აუტანლობა, რომელსაც ახლავს თანმდევი მოვლენები: დიდი ზომის მუცელი, ნაწლავთა არამყარი მოქმედება -უპირატესად დიარეით, ანემია, სიგამხდრე და ა.შ 

-რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მშობლებმა და როდისაა საჭირო ექიმთან მიმართვა?

-როცა ჩივილი ჩნდება, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებებს, რასაც შეიძლება ტკივილი უკავშირდებოდეს. მაგალითად, ხომ არ ჭამა ბავშვმა დიდი რაოდენობით ტკბილეული, ხომ არ დალია გაზიანი სასმელი, გაცივდა, შეცივდა და ა.შ  გასათვალიწინებელია ისიც, რომ არც თუ ისე იშვიათად მუცლის ტკივილი ბავშვებში სიმულაციური ან ემოციურია. ხშირად ბავშვები უარს ამბობენ დეფეკაციაზე, რაც მუცლის ტკივილის კიდევ ერთ მიზეზად გვევლინება, ამ დროს მშობელმა უნდა დაარწმუნოს ბავშვი ნაწლავების დაცლის აუცილებლობაში.

შეტევის დაწყებისას მშობელმა ბავშვს ტკივილიდან ყურადღება უნდა გადაატანინოს. როცა ტკივილი მსუბუქად არის გამოხატული, ბავშვს ის ავიწყდება და შესაბამისად ვხვდებით, რომ მდგომარეობა არ არის სერიოზული. მაგრამ, როცა ტკივილი და შებერილობა ვითარდება მწვავედ, შემაწუხებელია, ღებულობს სისტემატურ ხასიათს და ბავშვის გუნება-განწყობა დაქვეითებულია, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. 

-თუ მუცლის ტკივილისა და შებერილობის მიზეზი კვებითი დარღვევაა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

-თუ ტკივილის მიზეზი კვებითი დარღვევაა, მაშინ უნდა შეწყდეს არაჯანსაღი საკვების მიღება და კვების რაციონი დაიტვირთოს ხილითა და ბოსტნეულით, ხოლო როდესაც გამოხატულია შეკრულობა (ყაბზობა) ბავშვმა უნდა მიიღოს მეტი რაოდენობით წყალი.