09 March, 2022

ხერხემლის ორთოპედიული პათოლოგიის მკურნალობა ინოვაციური მეთოდებით

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ხერხემლის ცენტრი ორთოპედიული მიმართულებით გვთავაზობს, ნებისმიერი სირთულის თანდაყოლილი, შეძენილი თუ პოსტტრავმული ხერხემლის დეფორმაციების როგორც ოპერაციულ, ასევე არაოპერაციულ მართვას, მათ შორისაა: სქოლიოზი, კიფოზი, კისერმრუდობა, არასტაბილური ხერხემალი, ნეკნოვანი კუზი და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტების 90%-ს სრული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება შეუძლია, ვინაიდან ცენტრი აერთიანებს დიაგნოსტიკურსა და სამკურნალო სერვისებს.

ჰოსპიტალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატებით და გვთავაზობს გამოკვლევის შემდეგ მეთოდებს:

  • რენტგენოლოგიური კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ულტრასონოგრაფიული კვლევა.

ორთოპედია-ხერხემლის ცენტრს ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ირაკლი ვარძუკაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც გამოცდილება გერმანიის წამყვან კლინიკებში აქვს მიღებული. სწორედ მისი თაოსნობით, 6 წლის წინ, შეიცვალა ძველი ოპერაციული ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული მეთოდებით და ამ დროის მანძილზე მან და მისმა გუნდმა 600-ზე მეტი ხერხემლის რთული დეფორმაციის რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაატარა წარმატებით. ასევე, წარმატებული ოპერაციების საზომია ცენტრში ორთოპედისა და ქირურგის ერთობლივი მუშაობა, რაც ინოვაციური მეთოდების გამოყენებასთან ერთად, კიდევ ერთ განსაკუთრებულობას სძენს გუნდს. გარდა ამისა, აღნიშნული თანამშრომლობა დადებითად ისახება ოპერატიულობის ზრდაზე და დღეში საშუალოდ 4 ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

ცენტრში ხორციელდება:

  • ხერხემლის რთული დეფორმაციების რეკონსტრუქციული ოპერაცია თანამედროვე (ტრანსპედიკულური ჭანჭიკებით ფიქსაცია)  როგორც წინა, ასევე უკანა მიდგომით.
  • ხერხემლის რთული დეფორმაციების რეკონსტრუქციული ოპერაცია ჰიბრიდული მეთოდით.

ზოგადად ხერხემლის დეფორმაცია გარდა ფიზიკური ცვლილებისა, დიდ ფსიქოლოგიურ წნეხთანაც ასოცირდება, რადგან იგი ართულებს პიროვნების გარემოსთან ჯანსაღ ურთიერთობას, ხოლო ნებისმიერი წარმატებული ოპერაცია და მისი შედეგები შემდგომში ადამიანის სოციალურ ადაპტაციას უწყობს ხელს. ჰოსპიტალში დანერგილი თანამედროვე ოპერაციული მეთოდები პაციენტებს საშუალებას აძლევს დაზოგონ დრო, ენერგია და ფინანსები და მკურნალობის კურსი ჩაიტარონ არა საზღვარგარეთ, არამედ ქვეყნის ფარგლებში.

ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედიისა და ხერხემლის ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც მაღალკვალიფიციური, სწორად ფორმირებული გუნდის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მეშვეობით ბავშვთა ხერხემლის პათოლოგიების აღმოფხვრას ემსახურება.