03 february, 2022

უნიკალური ოპერაცია ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ტრანსპლანტოლოგთა გუნდმა მორიგი უნიკალური ოპერაცია განახორციელა. მედიცინის დოქტორისა და პროფესორის, კობა შანავას ხელმძღვანელობით ჩატარდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა, რომელმაც ახალგაზრდა პაციენტის სიცოცხლე იხსნა.

28 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში ღვიძლის არტერიის მარჯვენა ტოტის დაზიანებით, ღვიძლის მარჯვენა წილის ტოტალური იშემიით შეიყვანეს. დაზიანება იმდენად მწვავე იყო, რომ პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ხდებოდა და სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა.

ქირურგთა გუნდმა პროფესორ კობა შანავას ხელმძღვანელობით ჩაატარა უნიკალური ოპერაცია - სხივის არტერიის იმპლანტაცია ღვიძლის მარჯვენა არტერიის დეფექტის მიდამოში, რაც ერთ-ერთ ურთულეს მანიპულაციას წარმოადგენს ქირურგიაში.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ახალგაზრდა პაციენტი პოსტოპერაციული პერიოდის შემდგომ ჰოსპიტლიდან გართულებების გარეშე გაეწერა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.