14 December, 2021

გაიცანით 40-წლიანი გამოცდილების მქონე ექთანი, რომელიც ამჟამად ქობულეთის ჰოსპიტლის ვაქცინაციის კაბინეტში გემსახურებათ

ექთნის შრომა ფასდაუდებელია. ამაზე თანხმდება ყველა, ვინც საავადმყოფოს კედლებში ერთხელ მაინც მოხვედრილა, ვისაც მათთან ერთად უმუშავია ან, მინიმუმ, დაფიქრებულა მედდების ყოველდღიურ ამაგზე.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ექთანია ნანი გირკელიძე, რომელიც ქობულეთის ჰოსპიტალშია დასაქმებული და ამ საქმეს უკვე 40 წელია, ემსახურება. ამბობს, რომ მთავარია, საქმისადმი სიყვარულს გრძნობდე და უერთგულო პროფესიას, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ირჩევ. მით უმეტეს, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.

ნანი გირკელიძე წლებია, პედიატრიულ პაციენტებში გეგმიურ პროფილაქტიკურ აცრებსა და  მედპერსონალის სეზონურ აცრებს ატარებს. კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში კი ის იმ დღიდან ჩაერთო, რაც ქობულეთის ჰოსპიტალში ვაქცინაციის კაბინეტი ამოქმედდა. ექთნის მაღალპროფესიონალიზმისა და გულისხმიერების დამსახურებით, სამედიცინო ცენტრში კმაყოფილი პაციენტების მადლიერი კომენტარები ხშირად ისმის.

ნანი ექთანი იმედოვნებს, რომ ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარ წვლილს შეიტანს. დღეში ის, დაახლოებით, 50-მდე პაციენტს ემსახურება. ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობას კი პანდემიის დასრულებამდე გეგმავს.