07 November, 2020

ევექსი ჰოსპიტლებმა აჭარაში ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლთა რაოდენობა გაზარდა

ევექსი ჰოსპიტლებმა აჭარის რეგიონში კოვიდ პაციენტების სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლთა რაოდენობა გაზარდა და დღეის მდგომარეობით მას ქობულეთსა და ბათუმში უკვე 178 პაციენტის მიღება შეუძლია. 

ბათუმში ინფიცირებული პაციენტების მართვაში 108 საწოლით ორი მძლავრი ჰოსპიტალი ჩაერთო. დღეიდან ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი მოზრდილ კოვიდ დადებით პაციენტებს, ხოლო იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი პედიატრიული ასაკის ინფიცირებულებს და მათ თავმდგმურებსმოემსახურება.

ორივე ჰოსპიტალი  ინფექციური პროფილით საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, შესაბამისად აღნიშნული სამედიცინო ცენტრები არაინფექციური პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტობას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა - პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით განაგრძობს.

ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების მაქსიმალური უსაფრთხო ტრიაჟისთვის სამედიცინო ცენტრებში გამოიყო დამოუკიდებელი შესასვლელები, მოეწყო იზოლირებული საოპერაციო ბლოკები და ერთმანეთისგან გამიჯნული საპალატე სივრცეები. ჰოსპიტლებში ინფიცირებულთა მკურნალობაში COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადამზადებული მედპერსონალი ჩაერთო. საჭიროების შემთხვევაში  კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის ჰოსპიტლებში ჩატარდება გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურებები როგორც მოზრდილებში, ასევე პედიატრიული და ნეონატოლოგიური მიმართულებით.

ევექსი ჰოსპიტლების მიერ 70 საწოლზე გაშლილი ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტალი უკვე თვეზე მეტია ჩართულია კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, სადაც წარმატებით იმართა და ბინაზე გაეწერა 200 პაციენტი.

ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ საწოლფონდის გამოყოფის რიგით მე-7 ეტაპი. ქვეყნის მასშტაბით კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჰოსპიტალური ქსელი 871 საწოლით არის ჩართული.